ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის არის საქართველოში არსებული ვითარება და შესაძლო საპასუხო ზომები.
შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მედიასთან განაცხადა, რომ სხვა ზომებთან ერთად, მაგიდაზე დევს უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხიც. მმართველი გუნდი შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობს.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ევროკავშირი ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომლებიც ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მხარდასაჭერად იქნება მიმართული.
"სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, რეალურია. ევროკავშირის ერთიან ქმედებას ეწინააღმდეგება უნგრეთის ხელისუფლება ორბანის ხელმძღვანელობით. იქ მიდის პროცესი იმისათვის, რომ ეს წინააღმდეგობა დაიძლიოს. ევროკავშირს აქვს თავისი გზები, როგორ გადაწყვიტოს ეს საკითხები. იმედი გვაქვს, რომ ის გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რომელიც მიმართული იქნება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მხარდასაჭერად. იმედია, ასევე არ იქნება დაწესებული სავიზო შეზღუდვები საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.