ერთი კვირაა, რაც ეს ინიციატივა გაჟღერდა და კარგია, რომ საზოგადოებამ დაინახა რადიკალების რეაქცია და ამით კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა - ვინ, რა ჯგუფები არიან ისინი, რომლებიც კრძალავენ დისკუსიას და უნდათ ყვირილი და არა საუბარი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რადიკალების პოზიციიდან გამომდინარე ნათელია თუ ვინ მართავს მათ სალომე ზურაბიშვილის სახით.
"ნიშანდობლივია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დამოკიდებულება, რომ არავინ ჩაერთოს დისკუსიაში. სალომე ზურაბიშვილი, თუკი გავითვალისწინებთ მის სხვადასხვა შეხვედრას, კონტაქტებს და კომუნიკაციებს, მისი სახით გვესაუბრებიან ჩვენ ზოგიერთი უცხოური ჯგუფები. ასე რომ პირდაპირ მისი სახით სიგნალი მისცეს მათ მიერ დაფინანსებულ ჯგუფებს, რომ არანაირ დისკუსიაში, დიალოგში არ შევიდნენ. რატომ? - იმიტომ, რომ ამ სცენაზე ისინი სუსტები არიან და ვერანაირად ვერ წამოაჩენენ მათ არგუმენტებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ გასულ წელს ძალადობრივი აქციების დროს იყო გამოთქმული მზაობა ხელისუფლების მხრიდან, რომ დისკუსიის ფორმატში მომხდარიყო მიმდინარე პროცესების განხილვა, თუმცა მაშინაც რადიკალების პოზიცია ანალოგიური იყო.
"ნახეთ თქვენ მაშინ, რომ ჩაჩეხეს ყველანაირი შესაძლებლობა გარედან მითითებით. არანაირი საჯარო დისკუსია, ახლა დრო არის "მოლოტოვის კოქტეილების" სროლის, რომელიც ასევე, ევროკავშირის დაფინანსებული პროპაგანდის შედეგი იყო, როდესაც მოხდა იდეალიზება ძალადობისა. ასე რომ ქალბატონი სალომეს პირით ჩვენ გვესაუბრებიან სინამდვილეში ის უცხოური ჯგუფები, რომლებიც მართავენ რადიკალებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როგორც პრემიერი -მინისტრი, ასევე, თავად ისიც და ხელისუფლების ნებისმიერი უმაღლესი თანამდებობის პირი მუდმივ კომუნიკაციაშია საზოგადოებასთან და მედიისთვის არ არსებობს კითხვა, რომელსაც ისინი არ პასუხობენ.
"ჩვენი მიზანი ხომ არ არის, რომ იქ კორიდა გაიმართოს. ჩვენი მიზანია არის, რომ უნდა იყოს საგნობრივი დისკუსია, განხილვა, სიძულვილის, წივილ-კივილის და შეძახილების გარეშე. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ასეთი ფორმატი უზრუნველყოფდეს მსგავს გარემოს. და მეორე, ოპონენტებად ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. ვინც კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებს, ის მტრობს საქართველოს კონსტიტუციას და რა თქმა უნდა რთული იქნება წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ. მათ შორის ეს ეხება რადიკალების კუთვნილ მედიას, რომელიც დღემდე არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს დემოკრატიას და ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
