დღეს ევროკავშირის ფული იხარჯება შიდა ტერორიზმის გამართლებაში, რაც სირცხვილია. ევროკავშირის საელჩომ ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უნდა გვაჩვენოს. ცდილობენ, ხელისუფლების დამხობის მცდელობა დააკნინონ და სასახლის ღობის სცენარი უწოდონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს: "უცხოეთიდან დაფინანსებული "საერთაშორისო გამჭვირვალობა", ისევე როგორც ოპოზიციური მედია "ტვ პირველი" 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის საქმეს მოიხსენიებს, როგორც სასახლის ღობის დამხობის საქმეს. თქვენთვის როგორ ფასდება ეს?".
"ეს კარგი დასტურია იმისა, რატომ არის დღემდე ჩუმად ევროკავშირის ელჩი და არ გმობს 4 ოქტომბრის ძალადობას, რატომ არის ჩუმად ევროკომისია, რომელიც არ გმობს 4 ოქტომბრის ძალადობას. მათ პაუზა აიღეს, რომ გარკვეული დრო გასულიყო, ამოესუნთქა ბრიუსელს და ისეთი აგრესიული კამპანიით შემოსულიყო, რასაც აკეთებს მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის ხელით. ცდილობენ, ხელისუფლების დამხობის მცდელობა დააკნინონ და სასახლის ღობის სცენარი უწოდონ, ერთი ერთში გაიმეორონ ის ნარატივი, რომელსაც ამკვიდრებს პარტიული ტელევიზია "ტვ პირველი". ზუსტად ეს არის ევროკავშირის ცივილიზაციურ უფსკრულში ჩახედვა... სირცხვილია, როდესაც ევროკავშირის საელჩო უშვებს, რომ ევროკავშირის ფულით მოხდეს შიდა ტერორიზმის გამართლება, რასაც ჩვენ 4 ოქტომბერს ვუყურეთ, მოხდეს პოლიციელზე ძალადობის გამართლება. ამიტომაც იყო, რომ ერთი პოლიციელი არ მოუნახულებია ევროკავშირის ელჩს 4 ოქტომბრის შემდეგ... პირდაპირ არის ნიშანი იმისა, რომ აგრესიულ კამპანიაში ახლა უკვე ჩაერთვებიან უცხოეთიდან დაფინანსებული "ენჯეოები", რათა გაამართლონ შიდა ტერორიზმი, პოლიციელებზე თავდასხმა, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობები. ამაში იხარჯება დღეს ევროკავშირის ფული. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ევროკავშირის საელჩომ ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უნდა გვაჩვენოს", – განაცხადა პაპუაშვილმა.
