26 ოქტომბრის საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 22:00 საათისთვის დასრულდა. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე გაგრძელდა, სადაც იყო სიტყვით გამოსვლებიც.
აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და გიგა ბოკერიას შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირებაც, რაც რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის პლაკატების გამოჩენას მოჰყვა.
"მგონია, რომ აქციის მისაკუთრებას არავინ არ უნდა ეცადოს, - ეს არის ძალიან უმადური საქმე. მითუმეტეს, 26 ოქტომბერზე როდესაც ვსაუბრობთ, ბატონი ბოკერიას პარტია საერთოდ არჩევნებში არ იღებდა მონაწილეობას, ბიულეტენზე არ იყო დატანილი, ამიტომ, მისი აქცია ეს ვერ იქნებოდა. ამ აქციასთან დაკავშირებით ზუსტად ის მოლოდინი მქონდა, რა შედეგიც დადგა. არსებობს აქციები, რომელიც შეიძლება იყოს 10, 15, 25 ათას კაციანი სიმწვავის და პრობლემის აღქმის მიხედვით. არავითარი განსაკუთრებული ძალისხმევა არ იყო. იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსი, რომ აწარმოონ მრავალკვირიანი კამპანია, ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან სანიკიძემ.
