მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა.
პასუხად თინა ბოკუჩავამ სააკაშვილის გადაწყვეტილებას იმპულსური და არათანმიმდევრული უწოდა.
პატიმარ პრეზიდენტს ამჯერად საკუთარი, დაშლის პირას მყოფი პარტიის თავმჯდომარე უპირისპირდება, ბოკუჩავას განცხადებით, გზაში, სოციალური ქსელიდან შეიტყო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა.
"სიმართლე გითხრათ, პოსტი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გზაში წავიკითხე, ჩემთვის მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი წუთით გავჩერდებით,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
ის, რასაც ბოკუჩავა გუშინ პოლიტიკურ ჭორაობას ეძახდა, სააკაშვილმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა.
