სამხრეთ კორეის ექს-პრეზიდენტს, რომელიც უკვე უვადო პატიმრობას იხდის, სასამართლომ დამატებით 30 წელი მიუსაჯა.
სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს, იუნ სოკ იოლს, რომელსაც ამბოხების მოწყობისთვის უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, სასამართლომ სასჯელი კიდევ 30 წლით გაუხანგრძლივა.
სეულის სასამართლომ ექსპრეზიდენტი დამნაშავედ ცნო 2024 წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების გაშვების ბრძანების გაცემაში. გამოძიების დასკვნით, იუნ სოკ იოლს ამ პროვოკაციით საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთვის ხელოვნური საბაბის შექმნა სურდა, რაც მან იმავე წლის დეკემბერში სისრულეში მოიყვანა კიდეც.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ბევრად მკაცრი ვერდიქტი გამოიტანა, ვიდრე ამას სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა - პროკურატურა ყოფილი ლიდერისთვის 25-წლიან პატიმრობას ითხოვდა, მოსამართლემ კი მას 30 წელი განუსაზღვრა.
მოვლენები 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ფხენიანმა საკუთარ ტერიტორიაზე სამხრეთკორეული დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინა. ამ ინციდენტიდან მალევე, 3 დეკემბერს, იუნ სოკ იოლმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ეს "ჩრდილოეთ კორეის მხარდამჭერი ანტისახელმწიფოებრივი ძალების განადგურების" საჭიროებით ახსნა. თუმცა, საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება იმავე დღესვე გააუქმა, რასაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი, თანამდებობიდან გადაყენება და მისი დაპატიმრება მოჰყვა.
2026 წლის თებერვალში მას სამხედრო ამბოხის ორგანიზებისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა უკვე გაასაჩივრა.
