საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობები განიხილავენ, 15 წლის წინ შექმნილი, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის რეფორმირების ვარიანტებს, რათა გეოპოლიტიკურ კრიზისებზე ბლოკის რეაგირება გაუმჯობესდეს,-
იტყობინება Financial Times-ი.
მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთი ვარიანტი გულისხმობს ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის, კაია კალასითვის და მისი უწყებისთვის - ევროპის საგარეო მოქმედებების სამსახურის (EEAS) უფლებამოსილებების შეჩერებას, რომლის ბიუჯეტი წელიწადში ერთი მილიარდი ევროა. ამ შემთხვევაში, ეს უფლებამოსილებები დაუბრუნდება ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს.
„ნათელია, რომ [EEAS] დღევანდელ მსოფლიოში ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა. ის დისფუნქციურია. პრობლემა სტრუქტურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად სტრუქტურას გადახედვა სჭირდება“, - ამბობს Financial Times-ის ერთ-ერთი წყარო.
მედიის ცნობით, კერძო საუბრებში, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული საგარეო საქმეთა სამინისტროების, ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობების დირექტორატების ფუნქციები ერთმანეთს ემთხვევა და მათ შორის კოორდინაციის ნაკლებობაა. ეს პრეტენზიები გამწვავდა იმ ფაქტით, რომ კაია კალასი, ზოგიერთი თანამოსაუბრის აზრით, ძალიან ხშირად გამოხატავს საკუთარ პოზიციებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობები და
აჟღერებს პოზიციებს, რომლებიც ჯერ არ არის დამტკიცებული ევროპული დედაქალაქების მიერ.
ამავდროულად, ოფიციალური პირები ხაზს უსვამენ, რომ შესაძლო რეფორმების ვარიანტების ანალიზი, ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა.
კალასის წარმომადგენელმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი „სრულად არის ორიენტირებული თავისი მანდატის შესრულებაზე“ და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის შემდგომი გაძლიერება ამ სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია.
