"ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ კამპანიას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას.
მისივე თქმით, გიორგი ბარამიძის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას განცხადებები ნიშანია კოორდინირებული კამპანიისა, რომლის მიზანია რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიების ჩაბარება.
"ეს ძალიან ნიშანდობლივია, ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ კამპანიას, რომელიც მიმართული არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ამას მინდა ხაზი გავუსვა. ეს დაიწყო ჯერ დაიწყო ბარამიძის განცხადებით, რომელმაც ომის დანაშაულები დააბრალა საქართველოს და ქართველ ჯარისკაცებს, ოთხმოცდაათიან წლებში მიმდინარე დაპირისპირებისას, შემდეგ გვარამიამ, რომელმაც ისტორიული ტრავმა უწოდა, რომლისგანაც საჭიროა გათავისუფლება და, რატომღაც, პარალელები გაავლო სომხეთთან და თქვა, რომ მისი შეფასებით, როგორც სომხეთი ყარაბაღის ტრავმისგან გათავისუფლდა და პერსპექტივები გაეხსნა, ასე უნდა გავთავისუფლდეთ ჩვენ ამ ტრავმისგან. პირდაპირ გამოჩნდა, თუ რა ხედვა აქვთ მათ ქვეყნის მთლიანობასთან დაკავშირებით.
ეს გაგრძელებაა იმ ხაზის, რომელიც ზოგადად, კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" ყოველთვის ჰქონდა, მათ შორის, ხელისუფლების ყოფნის დროს. გაგრძელება იმისა, როცა სააკაშვილი ამბობს, რომ აფხაზებს ვეზიზღებით და მას არაფერი ეშველება, ის რომ შერიგების პოლიტიკას აზრი არ აქვს, ბოკერიას განცხადება, რომ შერიგების პოლიტიკა არის ფუჭი, გვარამიას განცხადება, რომ ეს არის ტრავმა და ეს ტრავმა ბლოკავს ჩვენს განვითარებას და უნდა მოვიცილოთ და წინ გავიხედოთ, მისი გადმოსახედიდან. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ეს არის კოორდინირებული კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე და საკუთარი ქვეყნის გამთლიანებაზე," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
