საქართველოს რუკასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან შეცდომაში შემყვანი ფოტოები ვრცელდება, – ამ სათაურით ორგანიზაცია „მითების დეტექტორი“ აქვეყნებს მასალას.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4 ნოემბერს სოციალურ ქსელში, მათ შორის, მედიების ფეისბუქ გვერდებზე ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიფინგზე პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაზე საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას თან ახლდა ფოტოები, რომლებზეც ოკუპირებული ტერიტორიები არ შეიმჩნევა.

თეთრ ფონზე რთულად გაირჩევა. მედიის ცნობით, ზოგიერთი რაკურსიდან პრეზენტაციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც არ შეიმჩნევა.

 

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა „მითების დეტექტორს“ მიაწოდა პრეზენტაცია, რომელიც შალვა პაპუაშვილმა 4 ნოემბრის ბრიფინგზე წარადგინა. პრეზენტაციაზე ჩანს, რომ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები აღნიშნულია, თუმცა დანარჩენი ტერიტორისგან განსხვავებულად, ნაცრისფრადაა მონიშნული.

 

პრეზენტაციის მომდევნო გვერდზე პაპუაშვილმა აჩვენა, რომ ოპოზიციას საქართველოს მასშტაბით დელეგატები არ ჰყოლია, თუმცა არაერთი ვიზიტი ჰქონდათ ევროპასა და აშშ-ში. აღსანიშნავია, რომ მომდევნო გვერდზე საქართველოს რუკა სრულად ნაცრისფერი იყო. მისი წარდგენისას, ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად, ის კადრებში არ ჩანდა და მის მაგივრად მხოლოდ თეთრი ფონი იყო. 

 

აღნიშნულ ინფორმაციას თავად შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. მისი განმარტებით, პრეზენტაციაზე ოკუპირებული ტერიტორიები განსხვავებული ფერით გამოსახეს, რადგან იქ არჩევნები ვერ ტარდება, შესაბამისად, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუხი ფერითაა გამოსახული. ლურჯად კი ის ტერიტორიაა აღნიშნული, სადაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და „ქართულ ოცნებას“ დელეგატები ჰყავდა“, – ნათქვამია ორგანიზაცია „მითების დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.