"ნატოს წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული, რამდენი ხანი იქნება ეს კარი ღია თუ დაიხურება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი საგარეო კურსის მიმართულება გავაგრძელოთ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ყოველთვის აქტიურად იყო წარმოდგენილი ნებისმიერ ოპერაციაში, რომელსაც ნატო ატარებდა.
"ჩვენ დავკარგეთ შვილები ქართული ოჯახებიდან, ასე რომ საკმაოდ მძლავრად ვიყავით წარმოდგენილი ნებისმიერ ოპერაციაში, რომელსაც ნატო ატარებს. ერთი რამ გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება და თუკი სტანდარტს ვიცავთ, თუკი ჩართული ვართ იმ ოპერაციებში, რომელსაც ჰქვია საერთაშორისო კრიმინალთან თუ ტერორიზმთან ბრძოლა, რასაკვირველია, ეს საერთაშორისო ინტერესის გარდა, ქართულ ინტერესებსაც შეესაბამება. ასე რომ ნატოს წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული, რამდენი ხანი იქნება ეს კარი ღია თუ დაიხურება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი საგარეო კურსის მიმართულება გავაგრძელოთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ინტერესებს შეესაბამება დაცული ქვეყანა, მათ შორის მძლავრი პოლიტიკური ალიანსის მხრიდან," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
