საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფის, "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზოგადოებისთვის, ქვეყნის გარედან წახალისებული რევოლუციური სცენარები- პარლამენტის ბოიკოტი, შტურმი საკანონმდებლო ორგანოსა, თუ პრეზიდენტის სასახლეზე კატეგორიულად მიუღებელია.
მათივე თქმით, სწორად ამიტომ ვეღარ გამოჰყავს ოპოზიციას მისივე მხარდამჭერები, თვეებით ადრე დაანონსებულ აქციაზეც.
"ჩვენ, ზოგადად არაერთხელ გვითქვამს, რომ "ნაცმოძრაობას" თავის სატელიტებთან ერთად მხარს არ უჭერს მისივე ამომრჩევლის უმრავლესობა იმ პოლიტიკაში, რა პოლიტიკაც აირჩია. მაგალითად, პარლამენტში არშესვლა, რადიკალური აქციები, შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტზე და ასე შემდგომ. და ასევე, ვითომ ნარატივი ეგრეთ წოდებული ევროპული ღირებულებების, იმიტომ, რომ ყველამ კარგად დაინახა, რომ სამწუხაროდ ევრობიუროკრატია ებრძვის საქართველოს სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ამიტომაც არის, რომ ასეთი ტიპის აქციები ყოველთვის, ნებისმიერ შემთხვევაში მინელდება და რა თქმა უნდა, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ახლა ტალღა კი არა, ცუნამი გადაუვლის საქართველოს და ასე შემდგომ, როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, ეს არ გამართლდება ხოლმე. რატომ? იმიტომ, რომ შეიძლება ხელისუფლებას მხარს არ უჭერდეს ადამიანი, მაგრამ "ნაცმოძრაობას" და მის ფილიალებს ნამდვილად მხარს არ უჭერს აი, ამ დამხობის და რევოლუციურ სცენებში. როდესაც, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გაქრება ეს პოლიტიკური პარტია ქართული პოლიტიკიდან, აუცილებლად მოხდება ჯანსაღი ძალებით შევსება ქართულ პოლიტიკაში და ქართულ ოპოზიციაში და დაწყნარდება საქართველო", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.
