ირანმა, კომპანია SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტსერვისი Starlink-ი აშშ-ის ძალების წინააღმდეგ თავდასხმების დროს გამოიყენა. ეს შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების პირველ დღეებში მოხდა. ამის შესახებ Reuters-ი The Washington Post-ზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ირანის მხრიდან Starlink-ის არასანქცირებული გამოყენების, სულ მცირე ორი შემთხვევა დაფიქსირდა. მედია იუწყება, რომ SpaceX-ის გენერალური დირექტორი ილონ მასკი განრისხდა, როდესაც ირანის მიერ აშშ-ის წინააღმდეგ მისი ტექნოლოგის არალეგალური გამოყენების შესახებ შეიტყო.

წყაროების ინფორმაციით, ირანის სამხედროების მიერ Starlink-ის გამოყენების შესახებ საიდუმლო ანგარიში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს წარუდგინეს. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში Reuters-ს განუცხადეს, რომ მათთვის ცნობილი არ არის თავდაცვის მდივნის ოფისისთვის წარდგენილი ანგარიში, რომელიც ამ საკითხს ეხება.

როგორც გამოცემა წერს, ჯერჯერობით უცნობია როგორ შეძლეს ირანელმა სამხედროებმა Starlink-ის სისტემის გამოყენება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ Starlink-ს ირანში ოპერირების ლიცენზია არ აქვს, თუმცა მასკმა ადრე განაცხადა, რომ სერვისი ქვეყანაში მაინც მუშაობდა.

ირანის ხელისუფლება აქციებისა და მასობრივი არეულობების დროს მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომას უზღუდავს. ეს მოხდა იანვარშიც, როდესაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ცნობით, ამის შემდეგ აშშ-ის მთავრობამ ირანში ათასობით Starlink-ის ტერმინალი ფარულად შეიტანა.

თებერვლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კონფლიქტი დაიწყეს, ირანის მთავრობა ინტერნეტზე წვდომას კვლავ მკაცრად აკონტროლებს.