პრემიერის კიდევ ერთი ინიციატივა, საჯარო დებატების კულტურის დაბრუნება მედიაში - უკვე მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა ირაკლი კობახიძის ვრცელი წერილი, რომელშიც საუბარია საჯარო დისკუსიისა და ჯანსაღი პოლემიკის მნიშვნელობაზე, როგორც დემოკრატიის ფუნდამენტურ საყრდენზე, რომელიც მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს.

ოპოზიციაში აზრი ისევ ორად იყოფა - ნაწილი საკუთარ პირობებს აყენებს, ნაწილი კი ინიციატივას ეთანხმება.

"ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, არაერთხელ გვითქვამს, ვიდებატოთ და არა მხოლოდ ვიდებატოთ, ვიკამათოთ იმაზე, თუ სად წაიყვანა ქვეყანა "ქართულმა ოცნებამ". უნდათ კონსტრუქციული საუბარი? ვისაუბროთ ციფრებზე. უნდათ კორუფციაზე მტკიცებულებები? ეს მტკიცებულებები ჩემს ხელთაც არის და მათაც აქვთ პროკურატურისა და სუს-ის არქივებში," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.

"ნებისმიერ თემაზე ყოველთვის ვიყავით მზად, დავდოთ ბეჭებზე "ქართული ოცნება" დებატებში, მაგრამ დღევანდელ დღეს, რა თემები არის იცით - მიტაცებული არჩევნები, სინდისის პატიმრები, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა - ამაზე სასაუბროდ, მე დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" მზად არ არის. "ქართული ოცნების" თამაში თუ იქნება, არავინ აპირებს, რომ ამ თამაში აჰყვეს. ჩვენ შინაარსობრივად ყოველთვის მზად ვართ, რომ "ქართული ოცნება" დებატების კუთხით გავანადგუროთ," - განაცხადა "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ.