პარლამენტმა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.
როგორც მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ  განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებით, თბილისის მუნიციპალიტეტს ემატება უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, მიანიჭოს მოტოციკლს ან/და მოპედს. 

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სატრანსპორტო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ავტოავარიების შემთხვევებისა და შესაბამისად, დაზარალებულთა რაოდენობის შემცირებას.

პარლამენტმა კანონპროექტთა პაკეტი 77 ხმით მიიღო.