ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მკაფიოდაა განსაზღვრული, მათ შორის, კონსტიტუციის დონეზე და ჩვენი მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია, ამისთვის, ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი არის ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ყველაფერი დანარჩენი განხილვის თემაა.

„ერთადერთი, რაც არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი არის ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ყველაფერი დანარჩენი, არის, რა თქმა უნდა, განხილვის თემა. ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, მაგრამ ამასთან ერთად მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ ყაველაშვილის პოზიციაც. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 2030 წლისთვის, ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად რეალურია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება,“- განაცხადა პრემიერმა.