მმართველი გუნდი 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს ეხმაურება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყველა იმ პირის მიმართ იქნება ჰუმანური, ვინც დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს.
მათიკაშვილის თქმით, პირები, რომლებიც მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებენ, ცდილობენ თავი აარიდონ სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
"სახელმწიფო მზად არის გადადგას ჰუმანური ნაბიჯი ყველა იმ დამნაშავე პირის მიმართ, რომელიც აღიარებს და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ამ პროცესის მომსწრენი ვართ სასამართლოში.
პირები, რომლებიც ამუნათებენ და ნეგატიური კონტექსტით აფასებენ კონკრეტული დამნაშავე პირების გულწრფელ აღიარებას, ისინი ცდილობენ თავი აარიდონ, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ პასუხისმგებლობას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლომ გუშინ დაამტკიცა. სხდომაზე ყველა მათგანმა დანაშაული აღიარა და ბრალი მოინანია.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ სამმა მსჯავრდებულმა ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
