სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, შეიქმნება თუ არა თანამდებობა, რომლის შექმნასაც აპირებდა ხელისუფლება მამუკა მდინარაძისთვის და იმსჯელებს თუ არა პარლამენტი ამაზე.

"მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებებთან დაკავშირებულ პროექტზე მომავალ სასესიო კვირაში გვექნება მსჯელობა. სახელმწიფო მინისტრის პოზიცია აღარ შეიქმნება. როდესაც დაანონსდა, რომ გაუქმდებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, შეიქმნებოდა იგივე მიმართულებით. რაც შეეხება გაუქმებას, გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, არ შეიქმნება რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის. მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება. ის ამოცანები, რომელიც მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახით დააკისრა პრემიერ-მინისტრმა მამუკა მდინარაძეს, ეს იყო მათ შორის მისი [მდინარაძის] პირადი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ეს ფუნქცია მან ძალიან კარგად შეასრულა და ეს კოორდინაცია ძალიან კარგად არის აწყობილი. სურვილი იყო, რომ რეგიონული მიმართულებითაც იგივე გაკეთებულიყო კოორდინაციის მხრივ. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს [მინისტრის პოზიციის შექმნის] საჭიროება აღარ არის. მამუკა მდინარაძის პოლიტიკური ცოდნიდან, წონიდან და გამოცდილებიდან იყო ჩაფიქრებული ამ პოზიციის შექმნა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.