პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ს აკრიტიკებს და დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობაში ადანაშაულებს.
შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და გავრცელებულ ცნობებს იხსენებს.
"ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო.
Amnesty International-ის ქვემოთ მოყვანილი ცილისმწამებლური განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის რასაც ეს ორგანიზაცია, ისევე, როგორც სააკაშვილის უცხოელი პატრონები აცხადებდნენ, იყო თაღლითური ტყუილი. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს არა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლება სჭირდებოდა, მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროებაც კი არ იყო.
ამ სამარცხვინო თაღლითობიდან ცოტა ხანში სამყარომ შეიტყო, რომ მომაკვდავი დიქტატორი სასწაულებრივად აღარ მოკვდა, კახექსია დაძლია, დემენციისგან განიკურნა და შვილიც შეეძინა. თაღლითური გზით სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა, Amnesty International-მა კი დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი," - წერს შალვა პაპუაშვილი.
