ფაქტობრივად პოლიტიკურ ფარად არის გადაქცეული „ქართული ოცნება“, რომელიც იცავს ქვეყანას და მოსახლეობას სხვადასხვა საგარეო რისკისგან, მათ შორის ომისგან, ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ჩვენზე ზემოქმედების ათასი ვერსია შეიძლება მოიფიქროს ნებისმიერმა ქვეყანამ. განვლილმა პერიოდმა და ამ დემონსტრაციებმაც ალბათ ყველას ნათლად დაანახა, რომ აქ არ არის საქმე ამ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონის მიღება-არმიღებაში. აქ არის იმაზე, რამდენად ვმართავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ფაქტობრივად პოლიტიკურ ფარად არის გადაქცეული „ქართული ოცნება“, რომელიც იცავს ქვეყანას და მოსახლეობას სხვადასხვა საგარეო რისკისგან, მათ შორის ომისგან. ყველამ კარგად დაინახა, რომ ომის რისკი რეალური იყო და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალისხმევით იქნა აცილებული“, - აღნიშნა წილოსანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა.