"უცხოური აგენტურის მიზანია ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა" - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანა ამ ყველაფერს კანონის ჩარჩოებში უნდა დაუპირისპირდეს, მათ შორის კანონმდებლობის მოწესრიგებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საინიციატივო ჯგუფის წინადადებაზე მმართველი გუნდი აქტიურად იმსჯელებს.

საუბარია ინიციატივაზე, რომელიც უზრუნველყოფს ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას. ამ მიზნით საინიციატივო ჯგუფი წინა კვირას შეიქმნა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს გადარჩენის საფუძველი ეროვნული იდენტობის დაცვაა, რომელიც რწმენას, ოჯახურ ტრადიციებსა და სხვა ეროვნულ ფასეულობებს მოიცავს.

"თუ რამემ გადაარჩინა ზოგადად ეს ქვეყანა, საქართველო, ეს  არის ეროვნული იდენტობა და მისი დაცვა. ეროვნულ იდენტობაში შედის რწმენა, ოჯახური ტრადიციები და ყველა ის ფასეულობები, რაზეც ყოველთვის იდგა საქართველოს ისტორია. ნელ-ნელა ის ულტრალიბერალური კანონმდებლობა იცვლება.

რა თქმა უნდა, ჩვენი, "ხალხის ძალის" ძალიან პრინციპული მოთხოვნა ყოველთვის იყო და რჩება, რომ შიდა სახელმწიფოებრივი, ეროვნული იდენტობის დაცვა უნდა იყოს კანონმდებლობით და პრაქტიკაში უნდა ხორციელდებოდეს. რაც უფრო მეტად დავიცავთ ეროვნულ იდენტობას, მით უფრო მეტად დავიცავთ სუვერენიტეტს და მით უფრო მეტი პარტნიორი გვეყოლება, იმიტომ, რომ არავის უნდა ისეთი ქვეყანა პარტნიორად, რომელსაც თავისი ღირსება არ გააჩნია", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.