თამარ ჩერგოლეიშვილის კრიმინალურ პოლიციაში დაბარება ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.

"ფედერალისტების" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ, "როგორც მოწმეს, მას სათქმელი არაფერი აქვს და გამოძიებას პასუხს სასამართლოში გასცემს".

ჩერგოლეიშვილმა ორი დღის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის სცენარს სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში განიხილავდნენ და პროცესში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილიც.

გამოკითხვაზე შესვლამდე, ჩერგოლეიშვილმა განცხადება გააკეთა:

"უბინძურესი კამპანია ააგორეს სიმულანტმა რევოლუციონერებმა, თითქოს მე ვაჭერინებ ბაჩო ახალაიას. მე ვაპირებ იმის თქმას, რაც არაერთხელ მითქვამს - დამხობის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების საქმე არ არსებობს. არსებობს უკიდურესად უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანების აფერა. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საქმეს და კონკრეტულად ამ აფერაში მის მონაწილეობას და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას ნაცმოძრაობაში, ნებისმიერი, საქმეში ჩახედული გონიერი ადამიანისთვის, იგივე იქნებოდა ცნობილი საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციებიდან. უპირველესად, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის და თინა ბოკუჩავას საჯარო განცხადებებიდან," - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.