გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების განუახლებლობა შეაფასა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა. მისი თქმით, გერმანული მხარე ამჯობინებს, იყოს რადიკალიზაციის და პოლარიზაციის მხარეს, ვიდრე დემოკრატიული პროცესების.
"ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მითითებას, არ დავიღლებით და ყოველ ჯერზე შევახსენებთ იმ უსამართლობას, ჩვენი აზრით, რაც არის გერმანიის მხრიდან. ვხედავთ იმ არჩევანს, რაც გააკეთა გერმანიის მხარემ. მათ ურჩევნიათ იყვნენ რადიკალიზაციის და პოლარიზაციის მხარეს, ვიდრე დემოკრატიული პროცესების. იმის ნაცვლად, რომ პატივი სცენ საქართველოს მოსახლეობას და მის არჩევანს, ისევ რაღაც გაუგებარ საბავშვო ბაღის თამაშებს თამაშობენ. ეს მათი არჩევანია, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოება ხედავს რეალურად, ვინ დგას დემოკრატიის მხარეს და ვინ დგას პოლარიზაციის და რადიკალიზაციის მხარეს. ევროპული გზა უნდა გადიოდეს ამ ტიპის ელემენტარულ პატივისცემაზე. არავის აღარ სჯერა, რომ იქ ტექნიკურად ვებ-გვერდზე რაღაც ინფორმაცია იყო ჩასანაცვლებელი და გერმანიამ ეს ვერ ჩაასწორა. რა არჩევანი გააკეთა გერმანიამ დღეს, ეს ნათელია," - აცხადებს ლევან მახაშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ბერლინს კიდევ ერთხელ მიმართავს, გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განახლდეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ.
საგარეო უწყება გერმანულ მხარეს ახსენებს, რომ 2024 წელს საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს, 2024 წლის პირველი დეკემბრიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას მაკა ბოჭორიშვილი იკავებს. ეს უკვე მესამე მიმართვაა. გერმანიის საგარეო უწყების ვებ გვერდზე კი ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი საგარეო მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია მითითებული.
