„მესამე თვეა ველოდებით რაიმე სამართლებრივ არგუმენტს (თუ არსებობს) მუხლებთან მიმართებით, რაც ვერ მოვისმინეთ და სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიაც პოლიტიკური განცხადებით [შემოიფარგლა]“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE“, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ვენეციის კომისია გასცემს სამართლებრივ დასკვნებს და არა -პოლიტიკურ შეფასებებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ესეც დაირღვა.

„ვენეციის კომისიის პრეროგატივა სამართლებრივი თემაა, ამით გამოირჩევა ის და სწორედ ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული ჩემი კოლეგების, იურისტების მხრიდან, რომ მათ შეფასებებში აცდენები იყო, რამაც გაგვაკვირვა.

სამი რამ გამოყო ამ მხრივ ჩვენმა უმცროსმა კოლეგამ, ძალიან მაგარმა გოგომ, სალომე ქურასბედიანმა, სამართლის მიმართულებით უმაღლესი განათლების მქონემ. აცდენა იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ თითქოს დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობდა კანონის განხილვა. არადა, ამას მთელი საქართველო უცქერდა, რომ კანონის განხილვა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამავდროულად, ყველას ჰქონდა საშუალება თვალ-ყური ედევნებინა, თუ რა ცვლილებები განხორციელდა იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელზედაც აქცენტი ჰქონდათ გაკეთებული. ასევე მთელმა საქართველომ იხილა აქციები, რომელზედაც ასევე იყო აქცენტი. მესამე თვეა ველოდებით რაიმე სამართლებრივ არგუმენტს (თუ არსებობს) მუხლებთან მიმართებით, რაც ვერ მოვისმინეთ და სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიაც პოლიტიკური განცხადებით [შემოიფარგლა].

რომელი მუხლი ზღუდავს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, რაში გამოიხატება სტიგმატიზაცია? მუხლობრივად ვერცერთი ვერ დაასახელეს.

თუ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო თავად აღიარებს, რომ არასამთავრობოების ფინანსური გამჭვირვალობა მაღალი საზოგადოებრივი მოთხოვნიდან გამომდინარე უზრუნველყოფილი უნდა იყოს, მაშინ ეს ყველაფერი ჩვენთან მიმართებით სად არის? ანუ, ვენეციის კომისია გასცემს სამართლებრივ დასკვნებს და არა - პოლიტიკურ შეფასებებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ესეც დაირღვა.“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია