საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოავლინა და დიდი ოდენობის, 780 ათასი ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი მიწის დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.

 

"დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 70000 მ² მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეფლნენ და გაასხვისეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი ოთხი პირი 6 ნოემბერს დააკავეს. სამ პირს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, ხოლო 1 პირს სამსახურებრივი სიყალბესა და თაღლითობაში დახმარების ფაქტებზე წარედგინა.

 

ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის სამ წევრს ბრალდება წარედგინა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე.

 

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

 

გამოძიება გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოსავლენად." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.