სასამართლომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

11 პირის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლის განმარტებით, დაკავებულებს პროკურატურა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. ეს მუხლი 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლემ ბრალდება გადააკვალიფიცირა მუხლით, რომელიც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.