ბრიფინგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 34 პირი დააკავეს.

მისივე თქმით, ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ე.წ. "ქურდული სამყაროს წევრობის", "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის", "ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, 7 პირს კი – მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს და საზღვარგარეთ მყოფ 4 პირს და ერთ "კანონიერ ქურდს" - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

"ღონისძიების მიმდინარეობის დროს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, 1973 წელს დაბადებულმა მირზა ალიევმა, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით. შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე.