"ორი დღეა მთელ რიგ საინფორმაციო საშუალებებში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია შსს-ს თანამშრომლების მიერ 4 ოქტომბრის დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა ნაწილზე, რომ მათ ან მათ მცირეწლოვან შვილებს აქვთ მძიმე დაავადებები და რომ თითქოს აღნიშნულ გარემოებას ბრალდების მხარე ყურადღებასაც კი არ აქცევს. მსგავსი ინფორმაცია კამპანიურად ვრცელდება, მაგალითად, ალექსანდრე გოგოლაძეზე, გიორგი ჩახუნაშვილზე, მათ შორის, მის ასაკზე მითითებით და ა. შ." - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

ამასთან, უწყების ცნობით, დაკავებულების შესახებ აღნიშნული ინფორმაცია ან რაიმე დოკუმენტი დაცვის მხარეს ამ დრომდე არ წარუდგენია.

"ამ ფონზე, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ინფორმაციას ხსენებული მძიმე დაავადებების შესახებ.

შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს დაცვის მხარეს, ნაცვლად ინფორმაციის კამპანიურად გავრცელებაში ჩართულობისა, პარალელურად მაინც წარმოადგინონ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის შეფარდების მიზანშეწონილობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო ნათელი გახდება, რომ დაუზუსტებელი ინფორმაცია ემსახურება მხოლოდ სუბიექტურ პიარულ მიზნებს და არა ბრალდებულების ინტერესებს - განსაკუთრებულ შემთხვევაში შეეფარდოთ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.