რუსთაველის გამზირზე, 20 ივნისის საქმეზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი გრძელდება. დღეს ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო სამმა პირმა, მათ შორის - მედიის წარმომადგენელმა. მათ გამომძიებლების შეკითხვებს უპასუხეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების მიზანი სტრასბურგის სასამართლოს მითითების შესრულებაა - დადგინდეს, რამდენად სწორად დაგეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობამ ოპერაცია. უკვე გამოკითხულია 30-მდე პირი.

"ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამართალწარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ, 2019 წლის 21 ივნისს ქალაქ თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და აღდგენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაზარალებულთა მონაწილეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ღონისძიების სწორად დაგეგმვისა და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით, იმავდროულად, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად, დღეს შოთა რუსთაველის გამზირზე ექსპერტ-კრიმინალისტების, თბილისის პროკურატურის გამომძიებლებისა და დაზარალებულთა მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულებმა დაადასტურეს გამოძიებისთვის მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დეტალურად აღიდგინეს და მიუთითეს ის გარემოებები, რა დროსაც მათ მიიღეს სხეულის დაზიანება.

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, დანაშაულის სრული სურათის აღდგენას და იმავდროულად, შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებას“, - აცხადებს თბილისის პროკურატურის საგამოძიებოს სამმართველოს უფროსი გამომძიებელი პაპუნა კერესელიძე.