ერთი და იგივე თანხას მრავალი წლის მანძილზე, რატომ ხდება ეს? მე მაგალითად, სტაბილურად, 3 თვის განმავლობაში, ვიღებ 1040–1050 ლარს“ – განაცხადა კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ.

 

 

 

მან GCA დატოვა და GERA-ში გადავიდა. 

 

 

 

რუსა მორჩილაძე: წლების განმავლობაში კუთვნილის მხოლოდ მემილიონედი მიმიღია საავტორო შემოსავალი. არაფერი იცვლებოდა, მე იურისტი არა ვარ რომ რაღაც ვამტკიცო, მაგრამ ვარ 100%-ით დარწმუნებული, რომ იქ არ იყო კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ყველა ავტორის მიმართ. მე ჩემი სახელით ვლაპარაკობ მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემს აზრზეა ათასობით ადამიანი.

ნინი ბადურაშვილი: ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა სამ თქვეში ერთხელ ან 6 თვეში ერთხელ დამრიცხვოდა მხოლოდ 120 ლარი. რა პრინციპით ითვლებოდა ჰონორარი, ან როგორ ხდებოდა და დღეს რა ხდება თქვეთან? თუ შეიძლება მოგვიყვეთ, როგორ შეიძლებოდა, რომ ყოველთვის  ჩემს ანგარიშზე ყოფილიყო 120 ლარი ან 130 ლარი?“

ამ ყველაფრის ფონზე, ალბათ საინტერესოა, რამდენს იღებდა თავად ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე...

მიმდინარე წლის 28 აპრილს, ელექტრონული ტენდერის გზით შერჩეულმა აუდიტორულმა კომპანიამ, საქპატენტს, როგორც დამკვეთს, წარმოუდგინა  ასოციაციის საქმიანობის შემოწმების ანგარიში, რომლის თანახმად, ასოციაციის საქმიანობაში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა.

ასოციაციის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე აუდიტის ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წელს  ასოციაციის მიერ, ავტორთა ქონებრივი უფლებების განკარგვის გზით შეგროვებული ჰონორარების ჯამმა  შეადგინა 3 822 063 ლარი.

რაც შეეხება თავად გიგა კობალაძის სარგოს. აუდიტის დასკვნის თანახმად: 2021 წელს სარგებლის სახით  233 062 ლარი მიიღო  (მათ შორის: ხელფასი 150 000 ლარი; პრემია 6 250 ლარი; ბონუსი 25 000 ლარი და სარგებელი 51 812 ლარი, რომელიც, თავის მხრივ, უცხოეთში სწავლის ღირებულებას – 28 086 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას – 19 417 ლარს, დაზღვევის საფასურს – 2 921 ლარს, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას – 188 ლარს  და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას – 1 200 ლარს მოიცავს).

საგულისხმოა ის დეტალი, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა პანდემიის პერიოდში...

 

2022 წელს მისი შემოსავალი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და სარგებლის სახით - 336 569 ლარი მიიღო (მათ შორის ხელფასი 143 750 ლარი; პრემია 27 500 ლარი; ბონუსი 37 500 ლარი და სარგებელი 127 819 ლარი,  რომელიც მოიცავს სწავლის ღირებულებას - 77 957 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას - 42 516 ლარს, დაზღვევის ღირებულებას - 5 959 ლარს,  სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას - 188 ლარს  და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას - 1 200 ლარს).

როგორც ხედავთ, სწავლის თანხაც გაიზარდა და მაშინ, როდესაც ნუნუ გაბუნია თვეში 300 ლარს იღებდა, გოგა კობალაძე სწავლაში 77 957 ლარს ხარჯავდა...

როგორც ირკვევა, ანალოგიური მდგომარეობა იყო ნოდარ დუმბაძის ოჯახთან მიმართებაშიც

ქეთი დუმბაძე: გიგა კობალაძეს თვეში თუ აქვს ხელფასი 28 ათასი, თუნდაც 8, მაშინ ბოდიში რა... ნოდარ დუმბაძის ოჯახისთვის წელიწადში 3000 და თუნდაც 5 000-ის ჩარიცხვა არის უსინდისობა!

კომიტეტის სხდომას ესწრებოდა მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, მწერალ ნოდარ დუმბაძის შვილი ქეთი დუმბაძე, რომელმაც „აიპრესს“ განუცხადა, რომ მისი ოჯახიც ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა.

 

ქეთი დუმბაძე: გეტყვით, პირველად როდის აღვშფოთდი. მოგეხსენებათ, მოზარდ მაყურებელთა თეატრი მამას სახელობის არის. იქ სრულიად სხვა პროექტზე ვლაპარაკობდი ხელმძღვანელთან და უცებ მის ეკრანზე რაღაც ამონათდა. მითხრა, ქეთი შეხედეო, მომიტრიალა კომპიუტერი, ნახე რა ამბავიაო, 2 საათში ყველა ბილეთი გაიყიდა "მე ვხედავ მზე"-ზე. ის ადამიანი კიდევ მიმტკიცებდა თვეში წერს 3 000- ლარსო. თვეში წერსო, მარტო "მე ვხედავ მზეს" !

 

გარდა ამისა, სხვა რაღაცებიც ხომ იდგმება არა სხვადასხვა თეატრებში?!

 

მეორე დღეს მივედი და ვუთხარი, - რა ხდება გამაგებინე-თქო. თვეში თუ 3000-ს წერს მხოლოდ ეს სპექტაკლი, ჩემთან რატომ არ ირიცხება ეს ჰონორარი-თქო.

 

არ ვიცი, იქ ამიხსნეს რაღაცები, ბრჭყალებში ვიტყვი - "დამაბოლეს" და მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა ამ ადამიანთან საუბარს.

 

დღეს, როდესაც ვიგებ, რომ ამ ადამიანს (გიგა კობალაძეს) თვეში აქვს ხელფასი 28 ათასი თუ 20 ათასი, თუნდაც 8 ათასი, მაშინ ბოდიში რა... წელიწადში ნოდარ დუმბაძის ოჯახისთვის 3000 და თუნდაც 5 000-ის ჩარიცხვა არის უსინდისობა!"

 

„ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია, რომელიც ასევე ესწრებოდა პარლამენტის კომიტეტის სხდომას, „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქმე გვაქვს დიდ კორუფციასთან.

 

ზაზა შენგელია: მე მგონი, ძალიან დიდ კორუფციასთან და დარღვევასთან გვაქვს საქმე!

ზაზა შენგელია: პირველ რიგში, იმას ვიტყვი რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ძალიან ბევრი წელი და მთელი რიგი ავტორების ბრძოლა ამ გამჭვირვალეობამდე. ის ციფრები რაც დღეს გაჟღერდა, მიუწვდომელი იყო წლების განმავლობაში. ისინი ამას გრძნობდნენ და უკმაყოფილოები იყვნენ იმ თანხების ოდენობით, რაც ერიცხებოდათ.

ბუნებრივია უკმაყოფილო იქნებოდნენ, 200-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს მათი გამგეობის თავმჯდომარეს ვიდრე მათ. არსად არ ხდება, არცერთ ქვეყანაში რომ დაქირავებული უფრო მეტს იღებდეს ვიდრე დამქირავებელი,

მე მგონი, ძალიან დიდ კორუფციასთან და დარღვევასთან გვაქვს საქმე.

ავტორებმა უნდა მოითხოვონ თავიანთი ფული. ეს ფული, რომელიც იფლანგებოდა მენეჯმენტისა და გიგა კობალაძის მიერ, ეს რის მათი კუთვნილი ფული და მოითხოვონ და არა მარტო ეს 2 მილიონი, ეს ორი მილიონი არის ბოლო 2 წელში გადახარჯული თანხა, მაგრამ წინა წლებში რა ხდებოდა, ჩვენ ხომ არ ვიცით! სამწუხაროდ, აუდიტი არ ჩატარებულა.

პანდემიის დროს შეძენილი 43 000 ლარიანი ავტომობილები  და  147 000 ათას ლარიანი ქონება ბათუმში

„როდესაც პანდემიის დროს ავტორები ვერ იღებდნენ საკმარის თანხას იმისთვის, რომ ეარსებათ და სახელმწიფო ეხმარებოდა მათ, თქვენ მათ ჰონორარებს იყენებდით პრემიებისთვის, ბონუსებისთვის, ავტომობილების, უძრავი ქონების შესყიდვისთვის - ასე მიმართა „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს გიგა კობალაძეს.

ამავდროულად, ასოციაციამ 2021 წელს თუ ავტომობილი შეიძინა, 2022 წელს შეისყიდა უძრავი ქონება ქალაქ ბათუმში, რომლის ღირებულებამ 146 669 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, ასოციაციის წესდების მიხედვით, შეგროვებული ჰონორარიდან ადმინისტრაციული ხარჯისათვის ასოციაციას შეუძლია გამოიყენოს არაუმეტეს 20 %. ანუ ასოციაციას, იმ სამუშაოსთვის, რომელსაც იგი ავტორთა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისათვის ეწევა, უფლება აქვს შეგროვებული თანხის არაუმეტეს 20 % მიიღოს.

თუმცა აუდიტმა დაადგინა, რომ ადმინისტრირებისათვის არა 20% არამედ 47% გაიხარჯა.  უფრო ზუსტად კი ასოციაციის მართვის ხარჯმა შეადგინა 1 791 597 ლარი. გასათვალისწინებელია, რომ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის 2014/26/EU დირექტივის მიხედვით, მართვის საფასური უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის დოკუმენტირებულ ხარჯებს.

საინტერესოა, რომ აუდიტის ანგარიშში, ამ მიგნებასთან ერთად ასოციაციის განმარტებაცაა მითითებული, სადაც აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯის ასეთი დიდი მოცულობა პანდემიურ პერიოდში შემოსავლების შემცირებითა და არსებული ფიქსირებული ხარჯით იყო განპირობებული, მათ განმარტებაზე უფრო საინტერესო კი ის „ფიქსირებული“ ხარჯებია, რომელიც ასოციაციამ პანდემიის პერიოდში ავტორთა ჰონორარებიდან გახარჯა.

აუდიტის ანგარიშით დგინდება, რომ წინა 2021 წლის მსგავსი მდგომარეობა დაფიქსირდა 2022 წელს, კერძოდ ასოციაციის ავტორთა უფლებების მართვის შედეგად  შეგროვებული 5 412 250 ლარიდან  ასოციაციის მართვის ხარჯმა, ნაცვლად 20 %-ისა, შეადგინა  40 %, კერძოდ,  2 158 279 ლარი.

პარლამენტარი როსტომ ჩხეიძე ამბობს, რომ აუდიტის დასკვნაში ასახული დარღვევები შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ.

როსტომ ჩხეიძე საავტორო უფლებათა ასოციაციაში აღმოჩენილ დარღვევებზე: თუ არ მეშლება, სწორედ ასეთი მოტივითაა დაპატიმრებული ნიკა გვარამია

"ჩვენ ვსაუბრობთ რეფორმაზე საავტორო უფლებათა სფეროში,  გამოწვევებზე, პრობლემებზე და ის რაც წარმოადგინა ბატონმა სოსო გიორგაძემ, ეს რის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა.

 

ეს ძალიან მძიმე ამბავია. თუ არ მეშლება და არ მეშლება, ნიკა გვარამია სწორედ ამ მოტივით არის დაპატიმრებული.  თუ შეიძლება გაგრძელდეს ამის შესწავლა. ის რაც ბატონმა სოსომ წარმოადგინა აი ამ უმძიმესი დარღვევებისა და შესაბამისმა უწყებებმა მოჰკიდონ ამას ხელი. " - განაცხადა როსტომ ჩხეიძემ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.

გიგა კობალაძე: ეს არის წვრილმანი დარღვევა, რომელიც მომდინარეობს ჯერ კიდევ 2005 წლიდან…

 

ბრალდებების საპასუხოდ ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ განაცხადა, რომ „ერთი თეთრიც დაკლებია არცერთ ავტორს პანდემიის დროს, პირიქით, დაახლოებით 750 ათასი ლარით მეტი გადაუხადეს ავტორებს“.

"აიპრესმა" მოახერხა მოკლე კომენტარი ჩაეწერა საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელთან, გიგა კობალაძესთან, რომელმაც საპარლამენტო კომიტეტის სხდომა მალე დატოვა: "აუდიტმა, რომელიც ჩატარდა ჩვენთან, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ დაადგინა ვერანაირი დარღვევა. ყველაფერი კეთდება და ხორციელდება ისე, როგორც მოქმედი კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს.

დასკვნაში საუბარია აღრიცხვის მეთოდის დარღვევაზე, მაგრამ ეს არის წვრილმანი დარღვევა, რომელიც მომდინარეობს ჯერ კიდევ 2005 წლიდან, ამაზე სახელმწიფოს ვალდებულება იყო გაეკეთებინა რეაგირება, თუმცა დღემდე არ არის.

კი ბატონო ნაყიდია უძრავი ქონება... ავტომობილები ჩვენ გვაქვს, იმიტომ  რომ მონიტორინგს როცა ვაკეთებთ, ადამიანები დადიან.

პანდემიის დროს, როდესაც ჩვენი თანხები შემცირდა დაახლოებით 47-50%-ით 2020 წელს და 45%-ით 2021 წელს, რა თქმა უნდა მოიმატა ხარჯებმა, იმიტომ რომ ხარჯების ურთიერთმიმართება შეგროვებულ ჰონორართან გაიზარდა, რადგან პანდემიის გამო შეგვიმცირდა, გაგვინახევრდა შემოსავალი.

უბრალოდ ვერ იქნება კორუფცია, ამის რეალური შესაძლებლობაც კი არ არსებობს. ვინმეს ძალიან რომ უნდოდეს, ეს ვერ მოხდება ვერაფრით" განუცხადა გიგა კობალაძემ "აიპრესს".

იყო თუ არა კორუფცია და რას ირებდნენ რეალურად ავტორები, ამ თემაზე მუშაობა გრძელდება და „აიპრესი“ მომავალშიც ყურადღებით მიადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს.

ამჯერად კი, სიახლე ის არის, რომ უცხოელი პარტნიორების ჩართულობით  (CLDP, USPTO, WIPO, USAID), ასევე, მოწვეული უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან ერთად მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს.