ბარსელონაში, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია არეულობით დასრულდა. სამშაბათს დილით გამოქვეყნებული პოლიციის ანგარიშების თანახმად, 13 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. დაშავებულია კატალონიის პოლიციის 30 თანამშრომელი. მათ მსუბუქი ტრავმები მიიღეს, - წერს Euronews-ი.

ქალაქის პოლიციის მონაცემებით, საპროტესტო აქციაში დაახლოებით 20 000 ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორები კი 120 000 მონაწილეზე საუბრობენ. საპროტესტო აქცია მოიჯარეთა გაერთიანებამ და საბინაო უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა დააორგანიზეს.

მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ბარსელონას ცენტრალურ რაიონებში მსვლელობა მოაწვეს. აქტივისტები ქირის მკვეთრ ზრდას და უძრავი ქონების ბაზარზე სპეკულაციებს აპროტესტებდნენ და საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვდნენ.

მომიტინგეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საბინაო საკითხთან დაკავშირებით საყოველთაო გაფიცვისკენ მოწოდება იყო. მსვლელობის დაწყებამდე, ორგანიზაციის Sindicat de Llogateres-ის წარმომადგენელმა კარმე არკარასომ განაცხადა, რომ აქციის მიზანი მობილიზაციის დაწყებაა, რომელსაც სხვა სექტორებთან კოორდინაციის შემთხვევაში "ქვეყნის პარალიზება" შეეძლება.

ცნობისთვის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩებმა ვადამდელი საყოველთაო არჩევნები 29 ნოემბერს დანიშნა.

კორუფციული სკანდალებისა და სეუტას მიგრაციული კრიზისის ფონზე, პრემიერ-მინისტრის წასვლა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც პარლამენტმა საცხოვრებლის კრიზისის შესაჩერებლად წარდგენილი ორივე საკვანძო კანონპროექტი ჩააგდო.

აღნიშნულ ინიციატივებს წინ უძღოდა ქვეყნის მასშტაბით დაწყებული მასობრივი პროტესტი, რომელიც 87 წლის მარიკარმენ აბასკალის ბინიდან გამოსახლებამ გამოიწვია.