თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს შუახნის მამაკაცი, რომელსაც გული გაუჩერდა, - ინფორმაციას Facebook-გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს.
"შუახნის მამაკაცი შვილიშვილთან ერთად მარტო იმყოფებოდა სახლში, როდესაც გულმკერდის არეში მსუბუქი დისკომფორტი იგრძნო. თავად დარეკა 112-ში და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.
გამოძახების ადგილზე მისულ თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის # 0431 ბრიგადის წევრებს პაციენტი გულმკერდის არეში ტკივილით დახვდათ. აღმოჩნდა, რომ მას ამ დრომდე მსგავსი ტიპის ჩივილები არ ჰქონია.
ექიმ ალექსანდრე ჯობინაშვილის გადმოცემით, პაციენტს სტენოკარდიასთან ერთად, ელექტროკარდიოგრამის გადაღებისას არითმიაც აღმოაჩნდა. მამაკაცი იყო კონტაქტური და აქტიური. შესაბამისი მკურნალობის დროს მან მოულოდნელად დაკარგა გონება და
განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია.
ბრიგადის წევრების მიერ პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე და დაუყოვნებლივ დაწყებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად, მამაკაცის გულისცემა აღდგა და მან სუნთქვა დაიწყო.
0431 ბრიგადის მიერ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით და სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა ჰოსპიტალიზირებული.
ექიმ ალექსანდრე ჯობინაშვილის თქმით, აუცილებლად აღსანიშნავია მისი გუნდის წევრების უმცროსი ექიმის იაკობ თოდუას და სასწრაფო დახმარების მძღოლის სოსო მაკარაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი.
ექიმი ალექსანდრე ჯობინაშვილი 35-ე წელია, სასწრაფო დახმარების ექიმია და მას არაერთი მადლიერი პაციენტი ჰყავს, რომელთა შორის ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირიც გახლავთ, რომლის სიცოცხლეც 0431 ბრიგადის წევრების პროფესიონალიზმის დახმარებით გადარჩა.
#გვეამაყებაგვეამაყება
ექიმი ალექსანდრე ჯობინაშვილი
უმცროსი ექიმი იაკობ თოდუა
მძღოლი სოსო მაკარაშვილი
#შენისიცოცხლისგადასარჩენად", - ვკითხულობთ პოსტში.
