ყველაზე მასშტაბური ღვინის ფესტივალი ტრადიციულად გურჯაანში და ტრადიციულად ღვინობისთვეს გაიმართება.  მეღვინეობის ქალაქი, ფესტივალს 12 ოქტომბერს უმასპინძლებს.

ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეექვსედ იმართება, 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს.

ფესტივალზე ნებისმიერი ასაკის ადამიანს შესაძლებლობა აქვს მრავალფეროვანი მუსიკალური გაფორმების ფონზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატაროს.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის 8 წლიანი ისტორია გრძელდება. მართალია, პანდემიის დროს 2 წლიანი პაუზა გვქონდა, თუმცა განსაკუთრებულმა სტუმარ-მასპინძლობამ განაპირობა რომ, წელს ფესტივალი უკვე მეექვსედ იმართება და მონაწილეთა და სტუმართა რაოდენობაც ყოლვეწლიურად მატულობს. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაზე მოსული სტუმრები ტრადიციულად, საუკეთესო ღვინოს დააგემოვნებენ. ასევე, საშუალება ექნებათ, ქართული მრავალფეროვანი მუსიკის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული სივრცები სტუმრების სურვილებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული. წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ასე რომ, გელით ყველაზე სტუმართმოყვარე ფესტივალზე,“ - აღნიშნავენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიებაში მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალზე მონაწილეობისთვის გადადით ბმულზე და და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3yd9rXf

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის განვითარება და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობაა.