„სამტრედიის ამბები“ გიამბობთ დემურ სამსეიშვილზე – სამტრედიელ სპორტსმენზე, რომელიც ამჟამად იტალიაში იმყოფება.
დემურ სამსეიშვილი სამტრედიაში დაიბადა და საფეხბურთო კარიერის მანძილზე არაერთ წარმატებას მიაღწია. სხვადასხვა პერიოდში ასპარეზობდა ფოთის “კოლხეთის”, ბათუმის “დინამოს”, ზუგდიდის “ოდიშის”, ხობის “კოლხეთის”, ოზურგეთის “მერცხალის”, ლანჩხუთის “გურიის”, მარტვილის “მერანის”, ვანის “სულორისა” და, რა თქმა უნდა, მშობლიური ქალაქის – „სამტრედიის“ საფეხბურთო კლუბებში.
ერთ-ერთი მთავარი ეტაპი მის კარიერაში იყო გუნდის კაპიტნად ყოფნა.
დემური ამჟამად იტალიაში იმყოფება, სადაც ტაქტიკური ტრენერობის კურსებს გადის, იღრმავებს ცოდნას და კვალიფიკაციის ასამაღლებლად, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სემინარში.
როგორც თავად გვითხრა, სამშობლო და მშობლიური სამტრედია ძალიან ენატრება და უახლოეს მომავალში დაბრუნებას გეგმავს:
„სამტრედია მეწვის… მე ამ ქალაქის შვილი ვარ – იქ დავიბადე, გავიზარდე. სტადიონის გვერდით, რამდენიმე მეტრში ვცხოვრობდი. ბავშვობაში, როცა ფანჯარას ვაღებდი, ხალხის ხმაური მესმოდა სტადიონიდან – იქიდან დაიწყო ჩემი სიყვარული სპორტისა და ფეხბურთის მიმართ.
უკვე ხუთი წელია გასული, სამწუხაროდ, დავავიწყდი სამტრედიელებს – ეს გულს მტკენს…
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 12 წლიდან 37 წლამდე, ჩემი შეგნებული ცხოვრება, ფეხბურთს მივუძღვენი, პრაქტიკულად - 25 წელი.
მინდა ჩემი გამოცდილება და ცოდნა, ჩემს მშობლიურ ქალაქში, მომავალ თაობას გადავცე. მალე ვბრუნდები და მიზნად ვისახავ, დავუბრუნდე საფეხბურთო სამყაროს, რათა ახალგაზრდებს ფეხბურთის სიყვარული ჩავუნერგო. გეგმის სხვა დეტალები – მოდით, სიურპრიზად დავტოვოთ“, – ამბობს დემურ სამსეიშვილი.
მალე ბატონი დემურის მიზნები რეალობად იქცევა. ჯერ იქნება დიდი დაბრუნება და შეხვედრა მონატრებულ ქალაქთან, შემდეგ კი - საინტერესო და შთამბეჭდავი კარიერა . წარმატებები, ბატონ დემურს და შეხვედრამდე, მშობლიურ სამტრედიაში.
"სამტრედიის ამბები"