FIFA-ს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ. განაცხადი ქვეყნებმა 2024 წლის ივნისში შეიტანეს.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო 20 წლამდელთა მსოფლიო თასის სახით FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს. ტურნირი 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და მონაწილეობას 24 ქვეყანა იღებს.
საქართველოს სპორტის მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველო და სომხეთი უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატს.
"ვულოცავ სრულიად საქართველოს და საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციას ამ დიდ აღიარებას. ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ასეთი მაღალი რანგის მსოფლიო ჩემპიონატს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო და სომხეთი უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატს", - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.
