ალბანეთმა 6000 დოლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა დააწესა აქციის მონაწილე პირებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი ძალადობრივ ქმედებებში არ მონაწილეობენ. როგორც the guardian-ი წერს, მთავრობა ამ ზომით ცდილობს შეზღუდოს საპროტესტო შეკრებები, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.
პრემიერ-მინისტრ ედი რამას მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლებიც 500 000 ლეკამდე (5 500 ევრო, ანუ 6 130 აშშ დოლარი) ჯარიმას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, ვინც ძალადობაში ან ძარცვაში მონაწილეობს, ვინც ამ ჯგუფებთან ერთად დგას, ასევე მათთვის ვინც ვინაობას მალავს.
აღსანიშნავია, რომ ალბანეთში გადასახადების გადახდამდე საშუალო ხელფასი თვეში 930 ევროს (1026 აშშ დოლარი) შეადგენს.
პოლიციას მიენიჭა უფლებამოსილება, დროებით შეზღუდოს შეკრებები გარკვეულ ტერიტორიებზე, მათ შორის საგანმანათლებლო, სამედიცინო და სამთავრობო დაწესებულებებთან ახლოს, თუ არსებობს ძალადობის საფრთხე.
ეს ზომები ასევე ითვალისწინებს სანქციებს, ინტერნეტში ძალადობისკენ მოწოდებისთვის და კომპენსაციის გაცემას იმ მცირე ბიზნესებისთვის, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დაზიანდა.
მედიის ინფორმაციით, ახალი ზომები უკვე ამოქმედდა, თუმცა ძალაში დარჩენისთვის ისინი პარლამენტმა 45 დღის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს.
