აშშ ირანის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ამკაცრებს. ვაშინგტონი ახალ შეზღუდვებს 24 აგვისტოს დააანონსებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ეკონომიკური ზომები გატარდება ყველა იმ ქვეყნის თუ ორგანიზაციის მიმართ, რომელიც თეირანთან ითანამშრომლებს.

ამ ფონზე, ირანის ცენტრალური ბანკი ადასტურებს, რომ ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტი შეჩერებულია და გაჩნდა სავალუტო დეფიციტი.

პარალელურად, მიმდინარეობს სამხედრო ესკალაციაც, ჰუსიტებმა საუდის არაბეთში, ნაჯრანის აეროპორტზე და ნავთობობიექტზე დრონებით იერიში მიტანეს. დასავლური მედიის ცნობით, დაჯგუფება ბაბ ელ-მანდები სრუტეზე კონტროლის დასამყარებლად ემზადება.

"ისინი უზარმაზარ წნეხს განიცდიან. ეს წნეხი გვეხმარება ჩვენი მიზნის მიღწევაში - არ დავუშვათ, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. შესაძლოა რამდენიმე კვირას გაძლებენ, ან რამდენიმე თვეს, შესაძლოა, უფრო დიდხანს, მთავარია, ბირთვული იარაღი არ ჰქონდეთ - სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებულნი და სიმართლე გითხრათ, ეს ის არის, რასაც პრეზიდენტმა უკვე მიაღწია. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ საოცარი რამ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ამავდროულად, დავიცვათ ამერიკელი ხალხის ეკონომიკური ინტერესები. ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი რომლის გამოყენებაც მათზე შეგვიძლია ეკონომიკური ზეწოლაა", - განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.