აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა შეაჩეროს 400 მილიონი დოლარის ღირებულების საბანკეტო დარბაზის მშენებლობა, რომელიც თეთრი სახლის დანგრეული აღმოსავლეთ ფრთის ადგილას უნდა აშენებულიყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, სასამართლომ ძალაში დატოვა წინასწარი სასამართლო აკრძალვა, რომელიც ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა ფონდმა მოიპოვა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ, სარჩელი გასულ წელს, მას შემდეგ შეიტანა, რაც ადმინისტრაციამ აღმოსავლეთის ფლიგელი დაანგრია და კონგრესის ნებართვის გარეშე 8 360 კვადრატული მეტრის ფართობის საბანკეტო დარბაზის მშენებლობა დაიწყო.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 14 დღით გადადო, რათა ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების საშუალება ჰქონდეს.
ცნობისთვის, აშშ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, რიჩარდ ლეონის გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით, ტრამპმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ლეონმა ორჯერ აკრძალა აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისზედა სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, თუმცა მიწისქვეშა სამუშაოების შესრულება არ აუკრძალავს.
ლეონმა, რომელიც რესპუბლიკელი პრეზიდენტის ჯორჯ უ. ბუშის მიერ დანიშნული მოსამართლეა, განაცხადა, რომ არცერთი ფედერალური კანონი პრეზიდენტს არ ანიჭებს საკმარის უფლებამოსილებას, რათა ეს საბანკეტო დარბაზი კონგრესის ნებართვის გარეშე ააშენოს.
