18 წელი აგვისტოს ომიდან - „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციას ახსენებს. დოკუმენტი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 2 თვის შემდეგ დამტკიცდა.

მე-5 და მე-11 პუნქტებში საუბარია საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებაზე, საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა და ომის დროს, ორივე მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე. რეზოლუციას ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა ლიდერებმა მოაწერეს, რაც მმართველი გუნდისთვის, სააკაშვილის პარტიის მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგი დასტურია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუცია რუსეთს ოკუპანტად მოიხსენიებდა და, მისი შეფასებით, ქართულ მხარეს სამხედრო დანაშაულს არ აკისრებდა.

„რეზოლუციაში ეწერა, რომ რუსეთი იყო ოკუპანტი და არა, რა თქმა უნდა, არანაირი დანაშაული არ დაბრალებია ქართულ მხარეს. არ გახლავთ ასე, ეს რეზოლუცია იყო იმდენად მიუღებელი რუსეთისთვის, რომ რუსეთის დელეგაციამ დატოვა პროტესტის ნიშნად დარბაზი. არაღიარების პოლიტიკა საბოლოო ჯამში დაეფუძნა სწორედ რომ ამ რეზოლუციასაც, მათ შორის საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიხილეთ ქართული დიპლომატიის ძალიან ეფექტური მუშაობა იმ წლებში, იმ პერიოდში“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი.