კალიფორნიის შტატის ქალაქმა ვესტ ჰოლივუდმა ერთხმად მიიღო მუნიციპალური დადგენილება, რომლის მიხედვითაც, "მრავალპარტნიორულ ოჯახურ ურთიერთობებში“ მყოფი მოქალაქეები ქალაქის კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმებით ისარგებლებენ.

„ვესტ ჰოლივუდის ქალაქის საჯარო პოლიტიკად ცხადდება, რომ აუცილებელია აღიარებული და დაცული იყოს ყველა ადამიანის უფლება და შესაძლებლობა, ოფიციალურად აღიარებული და პატივსაცემი იყოს მრავალპარტნიორული ოჯახური ურთიერთობა და არ დაექვემდებაროს დისკრიმინაციას ამგვარ ურთიერთობაში ყოფნის გამო.

ურთიერთობების მრავალფეროვანი ფორმები, მათ შორის ისეთი ურთიერთობები, რომლებშიც ორზე მეტი სრულწლოვანი ადამიანი მონაწილეობს და რომლებიც სიყვარულს, ერთგულებასა და ყველა მონაწილის თანხმობას ეფუძნება, სულ უფრო ხშირად გვხვდება“, - ნათქვამია დადგენილებაში.

მედიის ცნობით, ვესტ ჰოლივუდის საკრებულომ გადაწყვეტილება 5 ხმით ნულის წინააღმდეგ მიიღო. დადგენილების თანახმად, სამ ან მეტ ადამიანს, რომლებიც ერთობლივ ურთიერთობაში იმყოფებიან, შეეძლებათ დეკლარაცია ქალაქის მდივანთან წარადგინონ. ეს დოკუმენტი ურთიერთობაში მყოფ პირებს გარკვეულ უფლებებს მიანიჭებს, მათ შორის, საავადმყოფოებსა და ციხეებში ერთმანეთის მონახულების უფლებას.

თუმცა, დადგენილება პოლიამორულ ურთიერთობებს ოფიციალურად არ აღიარებს „ქორწინებად“ ან რეგისტრირებულ ოჯახურ პარტნიორობად, რადგან ასეთი აღიარება შტატის და ფედერალური კანონმდებლობის დარღვევა იქნება.

მიუხედავად ამისა, ვესტ ჰოლივუდი იმ ადგილობრივი თვითმმართველობების მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც მრავალპარტნიორული ურთიერთობების გარკვეული ფორმით სამართლებრივი დაცვის მექანიზმები შემოიღეს.