ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უარი თქვა პრესკონფერენციაში მონაწილეობაზე, რომელზეც პოლონეთის პრეზიდენტიც უნდა ყოფილიყო. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს ნაბიჯი მისი პოლიტიკური ოპონენტის, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მხარდაჭერის ჟესტია იმ ფონზე, როდესაც პოლონეთში კონსტიტუციური კრიზისი მწვავდება.
ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს ერთობლივ პრესკონფერენციაში უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელიც პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ იყო დაგეგმილი.
წყაროების ინფორმაციით, ფონ დერ ლაიენი თავდაპირველად სამიტში მონაწილეობაზე სრულად უარის თქმას გეგმავდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა, რადგან შიშობდა, რომ ამ ნაბიჯს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ამის ნაცვლად, შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილ პრესკონფერენციაში მონაწილეობაზე თქვა უარი, რითაც დონალდ ტუსკის მხარდაჭერას გამოხატავს და თავს არიდებს პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის პოზიციის ლეგიტიმაციას.
ცნობისთვის, ტუსკსა და ნავროცკის შორის დაპირისპირება პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალში ახალი მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე მიმდინარეობს. ნავროცკი აჭიანურებს ამ პროცესს და უარს ამბობს პარლამენტის მიერ შერჩეული მოსამართლეების ფიცის მიღებაზე.
ვითარება გასულ პარასკევს კიდევ უფრო გამწვავდა: პოლონეთის მთავრობამ საკონსტიტუციო ტრიბუნალში პოლიციის სპეციალური დანიშნულების დანაყოფები გაგზავნა, ხოლო ტრიბუნალის თავმჯდომარე და მისი მოადგილე თანამდებობიდან დროებით გადააყენა. ამ ნაბიჯმა საპროტესტო გამოსვლები და ზოგიერთი სამართლის ექსპერტის კრიტიკა გამოიწვია, რის შედეგადაც ქვეყანაში საკონსტიტუციო კრიზისი გამწვავდა. ეს ყველაფერი საყოველთაო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ხდება.
ოპოზიცია ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ის პოლონეთის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში ერთ-ერთ მხარეს იკავებს, ეს დაპირისპირება კი ათ წელზე მეტია გრძელდება.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ თავდაპირველად ამ დაპირისპირებაში პოლონეთის მთავრობას დაუჭირა მხარი. მისი განცხადებით, სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნა პარლამენტის კომპეტენცია იყო. მანამდე ნავროცკიმ განაცხადა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა.
ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ მანამდე, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არ იყო. ეს შეფასება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მაშინდელმა ოპოზიციამ სასამართლოში პოლიტიკური ნიშნით შერჩეული პირები დანიშნა და მისი შემადგენლობა საკუთარი მხარდამჭერებით გააძლიერა.
