ევროკომისიის მცდელობამ, ევროკავშირის მრავალმილიარდიანი ბიუჯეტი მომავალში გაუთვალისწინებელ კრიზისებზე რეაგირებისთვის უფრო მოქნილი გახადოს, ასევე შეიძლება გაზარდოს ამ თანხების არამიზნობრივად გამოყენების რისკი, - ამის შესახებ ევროკავშირის მთავარმა აუდიტორულმა სასამართლომ განაცხადა, წერს POLITICO.

ევროპის აუდიტორული სასამართლოს პრეზიდენტმა, ტონი მერფიმ განაცხადა, რომ ევროკომისიის გეგმის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის რეფორმირებას ითვალისწინებს, გაართულებს იმ პირთა მუშაობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საჯარო თანხების დანიშნულებისამებრ ხარჯვის კონტროლზე.

"ჩვენთვის უფრო რთული ხდება იმის კონტროლი, თუ სად მიდის ეს თანხები. თქვენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს ეუბნებით: აი, დიდი ოდენობით თანხა და თქვენ თავად უზრუნველყავით, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს. ეს, გარკვეულწილად, თვითკონტროლის სისტემას ჰგავს“, - განაცხადა მერფიმ.

მედიის ცნობით, ეს გაფრთხილება იმ ფონზე გაისმა, როდესაც ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში კვლავ ვერ თანხმდებიან 2027 წლის შემდგომი პერიოდისთვის ევროკავშირის ბიუჯეტის მოცულობაზე, აუდიტორები კი გადასახადის გადამხდელთა სახსრების ბოროტად გამოყენების შემთხვევების ზრდას აფიქსირებენ.

როგორც გამოცემა წერს, ბიუჯეტის საერთო მოცულობის გარდა, დავის საგანია ისიც, თუ როგორ განაწილდება ეს თანხები. პანდემიით, ომებითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული არეულობით გამორჩეული საბიუჯეტო ციკლის დასრულების ფონზე, ევროკომისიას სურს, მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტი უფრო მოქნილი გახადოს. ამისთვის იგი გეგმავს, ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარი - შვიდი წლის განმავლობაში თითქმის ერთი ტრილიონი ევრო ერთიან ფონდში მოაქციოს, რომლის სახსრებსაც ქვეყნები სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენებენ, მათ შორის მიგრაციის, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით.

სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების ეს ფონდები, რომელთა სახსრებიც ხშირად ფერმერული მეურნეობებისა და ადგილობრივი პროექტების სუბსიდირების სახით გაიცემა, უკვე დიდი ხანია თაღლითობისა და თანხების არამიზნობრივად გამოყენების რისკის წინაშე დგას.

მერფის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებისთვის ხარჯების სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილების მეტი თავისუფლების მინიჭება, ამ თანხების ხარჯვის კონტროლსა და თვალყურის დევნებას კიდევ უფრო გაართულებს.

"გარკვეული მოქნილობა იქნება, მაგრამ რა ფასად?" - განაცხადა მან ინტერვიუში. მისივე თქმით, ზედამხედველობის უფრო დიდი ნაწილი დამოკიდებული იქნება იმ კონტროლის მექანიზმებზე, რომლებიც თითოეულ ქვეყანას უკვე აქვს დანერგილი.

ევროპის აუდიტორთა სასამართლოს (ECA) უახლესი ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვის რაოდენობა გაიზარდა. დარღვევები შეეხებოდა ფინანსურ ოპერაციებს, რომელთა საერთო ღირებულება, სავარაუდოდ, 5 მილიარდ ევროს შეადგენდა.

მერფის გაფრთხილებით, ევროკავშირის მომდევნო საბიუჯეტო ციკლში შესაძლოა, ასეთი მაჩვენებლის მიახლოებითი შეფასებაც კი შეუძლებელი გახდეს, რადგან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აუდიტის სამსახურებს განსხვავებული უფლებამოსილებები და მუშაობის მეთოდები აქვთ. მისი აპარატის ხელმძღვანელმა, ვოლფგანგ შტოლცმა, ინტერვიუში დასძინა: „წლების განმავლობაში ჩატარებული აუდიტების შედეგად არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ აუდიტორული ორგანოების მუშაობა სრულად სანდო არ არის“.

ევროკომისიამ განცხადებაში საკუთარი წინადადება დაიცვა და ხაზი გაუსვა, რომ არსებული კონტროლის სისტემის "ძირითადი პრინციპები" შენარჩუნდება.

კომისიის განცხადებით, წევრი ქვეყნების შესაბამისი ორგანოები "გამართულად ფუნქციონირებენ". ამასთან, კომისიამ აღნიშნა, რომ იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვოს "გეგმის შეცვლა ან მაკორექტირებელი მექანიზმების დანერგვა".