სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიკაციის შემდეგ.
ფაშინიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები სოციალურ ქსელში გამოთქვა.

ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ანკლავები და ექსკლავები არ უნდა იყოს.

„როგორი უნდა იყოს მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიკაციის შემდეგ? სომხეთის ტერიტორია 29 743 კვადრატული კილომეტრი უნდა იყოს. საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია ალმა-ატას დეკლარაციას უნდა ეფუძნებოდეს.ანკლავებისა და ექსკლავების საკითხი შემდეგი ფორმულით უნდა გადაწყდეს: საზღვრის ორივე მხარეს არ უნდა იყოს ანკლავები ან ექსკლავები; ანუ ორმა ქვეყანამ - სომხეთმა და აზერბაიჯანმა - უნდა გაცვალონ შესაბამისი, ზუსტი ზომის ტერიტორიები.

ყველა გზა და საკომუნიკაციო გზა უნდა გაიხსნას TRIPP პროექტის ფარგლებში, მაგრამ არა მხოლოდ მის ფარგლებში. ყველა საკომუნიკაციო გზა უნდა ფუნქციონირებდეს და იყოს ღია, მათ შორის, სომხეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით და აზერბაიჯანიდან აზერბაიჯანში სომხეთის გავლით, კომუნიკაციის უზრუნველყოფის ლოგიკის გათვალისწინებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.