უკრაინა იმედებს მშვიდობასა და ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებაზე ამყარებს, თუმცა, ასეთი სწრაფი გაწევრიანების მხარდაჭერა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მცირდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს პოზიცია "ბერტელსმანის ფონდის" კვლევის შედეგებით იკვეთება.
კვლევის შედეგების მიხედვით, უკრაინელების 83%-ს სურს ევროკავშირის წევრობა მომდევნო წლებში, თუმცა ევროკავშირის მოქალაქეების მხოლოდ 47% იზიარებს ამ აზრს. უმრავლესობა - 53% - წინააღმდეგია.
მედიის ინფორმაციით, გერმანია უკრაინას ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს. თუმცა, ევროკავშირის ათ უმსხვილეს წევრ სახელმწიფოს შორის, სწორედ გერმანიის მოსახლეობაა განსაკუთრებით სკეპტიკურად განწყობილი უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებასთან დაკავშირებით: ამ იდეას მხოლოდ 41%-ი უჭერს მხარს. მხოლოდ რუმინეთშია ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი და 40%-ით შემოიფარგლება.
ბლოკის მსხვილ ქვეყნებს შორის, უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყველაზე მაღალი მხარდაჭერა შვედეთშია - 69%.
2022 წელს, რუსეთის აგრესიის დასაწყისში, გერმანელების 60% კვლავ უჭერდა მხარს უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას. ფონდი რეგულარულად იმეორებს ამ კვლევას; მას შემდეგ, მაჩვენებლები შემცირდა როგორც გერმანიაში, ასევე საშუალოდ მთელ ევროკავშირშიც.
ცნობისთვის, ფონდმა კვლევა ივნისში, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ჩაატარა და გამოკითხვაში 16 795 ადამიანი მონაწილეობდა.
ამასთან, გუშინ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდა უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნას. ეს არის "შიდა ბაზარი" და "კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა".
