ახალი მონაცემების თანახმად, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ფარგლებში, სულ მცირე 20 წლის განმავლობაში, ირანმა სიკვდილით ყველაზე მეტი ადამიანი დასაჯა. ინფორმაციას telegraph-ი ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა სააგენტო HRANA-ს ცნობით, ირანის რეჟიმმა, 2025 წელს 1922 ადამიანი მოკლა, რაც გასულ წელთან შედარებით ორჯერ მეტია.

ორგანიზაციის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ივნისში 12-დღიანი ომის შემდეგ, როდესაც ისრაელმა ირანის შიგნით სხვადასხვა სამიზნეს დაარტყა, სიკვდილით დასჯის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა - თვეში 100-ზე ოდნავ მეტიდან, ნოემბრის თვეში 300-ზე მეტამდე.

ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს (NCRI) წარმომადგენელმა, კამრან დალირმა, ქვეყანაში შიდა არეულობას „დენთის კასრი“ უწოდა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს.

"12-დღიანმა ომმა ირანის რეჟიმის სისუსტეები გამოავლინა, ამიტომ მთავრობამ შიდა რეპრესიების გაძლიერებისკენ გადადგა ნაბიჯი. ამიტომაც უწევთ ყოველთვიურად სიკვდილით დასჯის რაოდენობის გაზრდა", - თქვა მან.