ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია - "ადამიანის უფლებების აქტივისტები ირანში" - და მის მედია ქსელ HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, დაღუპულ 35 ადამიანს შორის 29 მომიტინგე, ოთხი ბავშვი და ორი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელია.

HRANA-ს ცნობით, ირანში დეკემბრის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქციები, სულ მცირე, 88 ქალაქში, ქვეყნის 31 პროვინციიდან 27-ში გაიმართა. ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, გარკვეულ მომენტში ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყეს, განსაკუთრებით მცირე დასახლებულ პუნქტებში გამართული აქციების დროს. ამ ქმედებებმა პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია დიდ ქალაქებში, მათ შორის მაშჰედსა და დედაქალაქ თეირანში.

დემონსტრაციებს ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, 17 უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. უსაფრთხოების ძალებმა კამპუსების დარბევა დაიწყეს.