იტალიის ხელისუფლებამ ახლო აღმოსავლეთისკენ მიმავალ ამერიკულ თვითმფრინავს სიცილიაში სამხედრო ბაზაზე დაშვება აუკრძალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სამშაბათს, სახელმწიფო მაუწყებლის, RAI-ს ცნობით, იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ, უარყო აშშ-ის მოთხოვნა სიგონელას ბაზის გამოყენების შესახებ. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღების დროს, თვითმფრინავები უკვე ჰაერში იყვნენ.
"არავის მოუთხოვია ნებართვა და არც იტალიის სამხედრო ხელმძღვანელობასთან კონსულტაცია ჩაუტარებია. გეგმა გაჟღერდა მაშინ, როდესაც თვითმფრინავები უკვე ჰაერში იყვნენ და შემოწმებებმა აჩვენა, რომ ეს არ იყო რუტინული ან ლოჯისტიკური ფრენები და შესაბამისად, არ შედიოდა იტალიასთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში“, - აღნიშნულია მედიის ინფორმაციაში.
CNN-ის ცნობით, იტალიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
