საბოტაჟის ბრალდებით, ელენე ხოშტარიას და კიდევ 7 პოლიტიკოსის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართა, რომელიც დახურულ რეჟიმში წარიმართა. მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება რამდენიმე მუხლით წარუდგინა, რაც საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მტკიცებულებები ფიზიკურად ვერ იქნება.

"სამწუხაროდ დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პროკურატურის წარმომადგენლებისგან ის ინსინუაციებით სავსე განცხადება, რომელსაც არანაირი მტკიცებულება ვერ ექნება,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.