ხვიჩა კვარაცხელიას 2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის პრიზი გადაეცა. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად, განვლილი წლის საუკეთესო სპორტსმენად სწორედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
გამოკითხვაში 100-მდე სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა.
კუთვნილი ჯილდო საქართველოს ნაკრების კაპიტანს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ გადასცა.
"სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვა სტარტს 1964 წლიდან იღებს. ბოლო გამოკითხვაში დაახლოებით 100-მდე ჩვენმა კოლეგამ მიიღო მონაწილეობა და ხვიჩა კვარაცხელია გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც 2-ჯერ მოახერხა წლის საუკეთესო სპორტსმენის სტატუსის მოპოვება. მინდა, მივულოცო ხვიჩას და წარმატებები ვუსურვო, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო კარიერაში", - განაცხადა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ.
