Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთი ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს, რათა ხელი შეუშალოს აშშ-ისრაელის მიერ, ირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ჩართვას.

ანკარამ სპარსეთის ყურის ქვეყნებს თავშეკავებისკენ მოუწოდა, იუწყებიან წყაროები.

მედიის ინფორმაციით, თურქეთმა გააძლიერა დიპლომატიური აქტივობა: საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ეწვია საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და კატარს. ასევე, ტელეფონით ესაუბრა რეგიონის სხვა კოლეგებს.

როგორც Bloomberg-ი წერს, სპარსეთის ყურის ისეთი ძლიერი ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო, რომლებმაც უკვე დააზიანეს პორტები, ენერგეტიკული ობიექტები და აეროპორტები, მოთმინებას კარგავენ.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ქვეყნები ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდებიან, თუ ირანი მუქარას სისრულეში მოიყვანს და სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ და წყლის ინფრასტრუქტურას დაბომბავს, რაც მათთვის "წითელი ხაზია".

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაუშვებელია აღნიშნული კონფლიქტის "რეგიონის ქვეყნებს შორის დამქანცველ ომში გადაზრდა".