გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს, არასრულწლოვანი ბრალდების წარდგენას ელოდება. პროკურატურა ლ. კ. ჩვენების შეცვლას ედავება. ავალიანის საქმეზე სამართალდამცველებმა მანამდე 4 პირი დააკავეს. მათგან ერთს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

ორ არასრულწლოვანს გამოძიება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, ერთს კი - დანაშაულის შეუტყობინებლობას.

"მიმდინარე წლის 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის თავდასხმისა და დიღომში განხორციელებული სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებების ფაქტზე დაიკითხა თვითმხილველი მოწმე, არასრულწლოვანი ლ.კ. რომელმაც დანაშაულში ამხილა ყველა ბრალდებული, რომლების საქმეც განიხილებოდა მიმდინარე პროცესზე. ასევე, მას გამოძიების ეტაპზე ამოცნობილი ჰყავდა ყველა ბრალდებული ძალადობის ვიდეოებში და ერთ-ერთ ვიდეოში ასახელებდა საკუთარ თავსაც, რომ ისიც იყო მონაწილე. თუმცა, მიმდინარე პროცესის დროს, მან არა მხოლოდ უარყო მოწმის სახით მიცემული ჩვენების ყველა საკვანძო დეტალი, არამედ, მან უარყო დათვალიერების ოქმში ასახული გარემოებები, უარყო ის, რომ მან რომელიმე ბრალდებული იცნო.

მიუხედავად ამისა, მაინც გადამოწმდა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და უშუალოდ სასამართლო პროცესზე თავიდან იქნა მისი მონაწილეობით განხილული ძალადობის ყველა ვიდეო, რა დროსაც, ასევე ამ მოწმემ ისევ ცალსახად უარყო რომელიმე ბრალდებულის მონაწილეობა ამ ძალადობის ამსახველ ფაქტებში. შესაბამისად, მან შეცვალა და უარყო არა მხოლოდ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, არამედ ის ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების ოქმი, რომელშიც ის აიდენთიფიცირებდა თავის მეგობარ პიროვნებებს", - ამბობს პროკურორი ქეთევან სონიძე.